საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ, რომელიც დაახლოებით 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

„ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ კვლევაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში” – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით,  ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო განმარტავს, რომ დახმარების 50-ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს, ხოლო თანხის სახით, 20 ლარს მიიღებენ.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი იანვრიდან და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
“2017 წელს ჩატარდა კვლევა და რომ არ ყოფილიყო 10-ლარიანი დახმარება, რომელიც გავააქტიურეთ 2015 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზრდებოდა 6,85%-დან 13,1%-მდე. 10-მა ლარმა შეამცირა სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება. ახლა ძალაში შევა 50-ლარიანი დახმარება. გამიჭირდება გითხრათ, რა პროცენტულ ზეგავლენას იქონიებს ეს სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ 10-მა ლარმა თუ შეამცირა, 50 ლარს უფრო მეტი გავლენა ექნება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ.
– “თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა შემოსავალი, პროგრამა აფიქსირებდა ამ შემოსავალს და მათ უწყდებოდათ სოციალური დახმარება, რაც დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩვენ უმოკლეს ვადაში დავამუშავებთ შესაბამის დადგენილებას, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს.
ეს არის სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ”, – განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კი  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა.

„შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა „იუნისეფის” კვლევაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა აღნიშნული პრობლემა… დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება სხვა საინტერესო ინიციატივებიც, რომელიც შეეხება სოციალურ მიმართულებას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები