გორში მომხდარმა ტრაგედიამ  მთელ საქართველოს თავზარი დასცა, თავდაპირველად მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ფეისბუქის მომხმარებლის, ნუცა ჭირაქაძის პოსტი, რომელიც დედებს იმ რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევს, რომელსაც მისი თქმით, გერმანიაში ასწავლიან ბავშვებს, რათა მათ იცოდნენ და შეძლონ თავის დაცვა მსგავს სიტუაციებში.

“ბევრს მიაჩნია, რომ ბავშვს თუ მარტო არსად გავუშვებთ, დავიცავთ მათ პედოფილიისგან. სინამდვილეში პედოფილია ყველა ქვეყანაში, ყველა სოციალურ ფენაში გავრცელებული სექსუალური გადახრაა, რომლის ტყვეებიც ავტომატურად ყველა არ არის დამნაშავე. ანუ, არსებობენ პედოფილები, რომლებიც თავიანთ ამ გაუკუღმართებულ ლტოლვას ებრძვიან და სპეციალურ ცენტრებშიც კი მკურნალობენ ხოლმე. და არიან ასევე მოძალადე პედოფილები, რომლებიც უამრავ ბავშვს და ოჯახს აუბედურებენ.

საქართველოში სამწუხაროდ პედოფილიის ცნობადობა და ამ დაავადების მიმართ, ასევე იმ საშიშროების მიმართ რაც პედოფილიით შეპყრობილი ადამიანებისგან მოდის, არ არსებობს. საერთოდ ამ სიტყვის ხმარებაც კი უხერხულობას წარმოქმნის, არადა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, პედოფილი ადამიანი არის ყველგან: სამსახურში, ქუჩაში, პარლამენტში და სანათესაოშიც კი. არ გვეგონოს, რომ პედოფილები მხოლოდ ბნელ სარდაფებში სხედან და ელოდებიან მსხვერპლს, ხშირად, ყველაზე მეტად ბავშვები ოჯახური, შინაური (ნათესავი, ოჯახის ახლობელი, მეზობელი) ძალადობის მახვერპლნი ხდებიან. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბავშვზე სქესობრივი ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის არა სკოლიდან სახლში დაბრუნების გზაზე, არამედ შინაურ გარემოში. და თუ გავითვალისწინებთ, რომ პედოფილი არანაირი გარეგნული და სოციალური ნიშნით არ გამოირჩევა, ხოლო თავის ამ მისწრაფებას საგულდაგულოდ მალავს, გამოდის, რომ ყველაზე დაუცველნი ბავშვები იქ არიან, სადაც წესით ყველაზე უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს – ოჯახურ და შინაურ გარემოში.

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, მოკლედ ჩამოვწერ, თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი შვილების დასაცავად:

1. პირველი და უმნიშვნელოვანესია, რომ ვიცოდეთ, პედოფილიის მსხვერპლნი თანაბრად არიან გოგოებიც და ბიჭებიც. ანუ, ყურადღება უნდა მივმართოთ ორივე სქესზე.

2. ყველაზე მთავარია ვესაუბროთ ბაშვებს და ავუხსნათ მათთვის გასაგებ ენაზე, რისი უფლება აქვთ უფროსებს. მაგალითად: ვუთხრათ, რომ არავის არ აქვს უფლება აკოცოთ მათ ტუჩებში, შეეხონ სასქესო ორგანოებზე, მოეფერონ მათი სურვილის არქონის მიუხედავად, ხელი ჩაუყონ ტანსაცმლის შიგნით. უთხარით, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ეფერებიან და ეს არ შეიძლება. როგორც კი ამას იგრძნობს, უნდა გააჩეროს უფროსი და უთხრას არ მინდა, შემდეგ კი მოძებნოს დედა, მამა ან ვინმე ოჯახის წევრი და უთხრას ეს. ბავშვები ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის დედიკოსა და მამიკოს მოფერება და რა “ზედმეტი,” ამიტომ აუცილებელია, მათ თქვენგან ქონდეთ დასტური, მხარდაჭერა და იმედი. დიახ,  ეს არ შეიძლება და მე თავს დავიცავ, ამას ხმამაღლა ვიტყვი!

3. იმის გარდა, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, არ შეიძლება “ზედმეტი” მოფერება, ასევე უნდა აუხსნათ, რომ არასდროს, არავის უცხოს არ წაყვნენ. არ ჩაუსხდნენ მანქანაში, არ გაყვნენ ეზოდან, არ შეყვნენ ბინაში! სულ ერთია რას დაპირდება ეს ადამიანი, კომპიუტერულ თამაშებს, ნაყინს, ფულს, კანფეტს, მანქანას ტარებას. არ შეაშინოთ გუდიანებით, უთხარით მხოლოდ, რომ ასეთი ადამიანები ბავშვებს ძალიან ცუდად ექცევიან და ა რ ა ვ ი თ ა რ შემთხევაში არ წაყვნენ! არც უცხოებს და არც ნახევრად უცხოებს “შენ იმის შვილი არა ხარ? მე მამაშენს ვიცნობ”, “ამის მეზობელი არ ხარ? წამო გაგიყვან”. უნდა მამაო ჩვენოსავით ჩაუბეჭდოთ ეს! ხოლო, თუ ვინმე რამეს შესთავაზებს, აუცილებლად უნდა გითხრან თქვენ, იქვე მდგომ სხვა უფროსს, დარეკონ პატრულში.

4. ზემოთ ჩამოთვლილი ბავშვებს უნდა გავუმეოროთ ძალიან ბევრჯერ, ყოველი წლის დაწყებისას, ხშირად, ყოველი არდადეგებისას… ყოველთვის… პრევენციის მიზნით. ბავშვები, რომლებსაც ეცოდინებათ რა არის პედოფილია (ამ სიტყვის და ყველა შავი დეტალის დელიკატურად გაშიფვრით) ასევე ეცოდინებათ თავიანთი უფლებების დაცვა, ნაკლებად იქნებიან მსხვერპლის რისკჯგუფში.

5. ასწავლეთ ბავშვებს სითამამე, რომ “უფროსიც” ცდება ხანდახან და ცუდად იქცევა. რომ ბავშვიც არის მართალი, რათა ყველაფრის თქმა შეეძლოს თქვენთვის და ჰქონდეს თქვენი ნდობა.

6. რაც ჩამოვწერე არც სასიამოვნო სასაუბროა და არც სასიხარულო, მაგრამ აუცილებელი. ამას გერმანიაში ბაღში ასწავლიდნენ ბავშვებს. ჩვენც თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და მაქსიმალური ცოდნით, გამოაშკარავებით, სირცხვილის განცდის გარეშე ვებრძოლოთ. ესაუბრეთ ბავშვებს, აუხსენით. აუღწერეთ რეალობა დაშინების გარეშე.

ყველა დედას და შვილს მშვიდობიან  და უზრუნველ ცხოვრებას გისურვებთ ” _ წერს ნუცა ჭირაქაძე ჯგუფში “georgian moms”

კომენტარები

კომენტარები