თუმცა, პატარა ბარბარეს რეაბილიტაციისთვის კვლავ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება!

6 წლის ბარბარე პაპუნაშვილის ამბავმა გულგრილი არავინ დატოვა. გოგონა, რომელიც “დედის ხელების” ბენეფიციარი იყო, დახურული სპინა ბიფიდით დაიბადა, მას დაბადებიდან 8 კვირის შემდეგ გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც სამწუხაროდ, წელს ქვემოთ მოწყდა და დაინვალიდდა. 6 წლის განმავლობაში მშობლებმა, სოფიო წიწაკაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა, უამრავი კლინიკა მოიარეს, უამრავ ექიმს შეხვდნენ, მაგრამ საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდნენ და ნელნელა ეგუებოდნენ სამწუხარო ხვედრს…

საბედნიეროდ, საზრვარგარეთ მკურნალობის ცენტრის, “მედიქლაბის” და მისი წარმომადგენლის, ნათია სამსიანის დახმარებით, გოგონას გამოკვლევები ექიმმა ბიულენტ ბოზიგიტმა ნახა და იმედიც გამოჩნდა, როგორც ზემოთ აღნიშნულმა ექიმმა განაცხადა, გოგონა სეძლებდა გავლას, თუმცა ამისთვის რამდენიმე ოპერაცია და შესაბამისად  დიდი თანხა იყო საჭირო, რისი შეგროვება ოჯახისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს ისედაც უკიდურეს სიღარიბეში უწევდა ცხოვრება.

ბარბარეს დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა დედის, სოფიო წიწაკაშვილის მეგობარი, თებეა თენგიანი, რომელმაც უამრავი ცნობილი ადამიანი ჩართო საქველმოქმედო აქციაში. მან  პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მსახიობების, მომღერლების და სხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება მოახდინა და ყველას ყურამდე მიიტანა ამ საოცარი გოგონას ამბავი…

რუსთავი 2-ზე, P.S-ში გასული სიუჟეტის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და ბარბარეს ამბავი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, რამდენიმე დღეში გოგონას ოპერაციისთვის საჭირო  თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. მგზავრობა დიმიტრი ცინცაძის ფონდმა დააფინანსა და გოგონას თურქეთში გამგზავრებაც ძალიან მალე მოხერხდა…

ფონდი “დედის ხელები” ძალიან დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სულ მცირეოდები წვლილიც კი გაიღო პატარა გოგონას დასახმარებლად!

განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო დაფინანსება, და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანს, რომელთაც არ სურთ გამოჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის თანხა სრულად შეგროვდა, გოგონას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება, რისთვისაც მას თქვენი დახმარება კვლავაც დასჭირდება.

მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თანადგომისთვის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს უკეთესობისკენ!

 

 

კომენტარები

კომენტარები