2017 წლია 21 მარტს,   ფონდი “დედის ხელები”  მიწვეული იყო 24-ე საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც მეორე კლასელებმა წარმოგვიდგინეს,  დამრიგებლის , ირმა გახოკიას ხელმძღვანელობით. ღონისძიებაზე სხვა სტუმრებთან ერთად მოწვეული იყო, ერთ-ერთი მონაწილის, თიკო პაპუაშვილის ძმა, ლუკა, რომელიც დაუნის სინდრომის მატარებელია…

პატარებმა დაწვრილებით ახსნეს ამ სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები, თავისებურებები, განიხილეს მისი ყველა ასპექტი, და ხაზი გაუსვეს საზოგადოებაში გავრცელებულ ყველა მითსა თუ სინამდვილეს, დასვეს კითხვები, იმსჯელეს თემის გარშემო, მოგვაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია თარიღის დანიშვნისა თუ წყვილი წინდების ტრადიციის შესახებ და დასასრულს, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმღერით დაგვემშვიდობნენ „ჩავკიდოთ მეგობრებს პატარა ხელები…“

ღონისძიების დასასრული განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც პატარა მონაწილემ თავის ძამიკოს, ლუკას, ირმა მასწავლებლის მიერ დაწერილი ლექსი წაუკითხა და ცრემლმორეულმა თქვა: „მადლობელი ვარ უფლის, რომ შენ მყავხარ!“…
ამის შემდეგ ბავშვებს და მათ მასწავლებელს სტუმრებმა მიმართეს. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მსგავს სოციალურ პროექტებში ბავშვების ჩართულობის აუცილებლობას. თუ გვინდა რომ საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმებს ბოლო მოეღოს, მომავალ თაობებს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია… ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა ხდება მათ გარშემო…

გვინდა ორგანიზაციის სახელით მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, ქალბატონ ირმა გახოკიას, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ პატარები სრულყოფილად გარკვეულიყვნენ ამ სინდრომის თავისებურებებში და გაეცნობიერებიათ, რომ ისინი არ განსხვავდებიან ჩვენგან, რომ ისინი გრძნობენ და განიცდიან, ისინი გვიღიმიან, მათ ვუყვარვართ და რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს…

კომენტარები

კომენტარები