11 დეკემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა ეკლესიის როლზე საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში:

“ჩვენ ყურადღებით გავეცანით საპატრიარქოს განცხადებას ცნობილი მოვლენების შესახებ და მთლიანად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ განცხადებაში არის მოცემული. განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს ვინაიდან, მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ამ გზას დიდი ძებნა არ სჭირდება. საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მე ამაზე მისაუბრია და მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ამგვარი კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორისაც და ამ კავშირის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, მთელი მთავრობის სახელით, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ეს სინერგია, ეს უდიდესი მნიშვნელობის თანამშრომლობა სასულიერო და საერო ხელისუფლებას შორის შედგეს. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთედი არის განათლების სისტემის სწორი განვითარების ირგვლივ თანამშრომლობა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

კომენტარები

კომენტარები